მთავარიბიბლიაზაქარია

ძველი აღთქმა · ზაქარია

ზაქარია 3

3

1 დამანახვა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი, და სატანა, მის ხელმარჯვნივ მდგარი მის მოსაყივნებლად.

2 უთხრა უფალმა სატანას: „გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი აირჩია! განა ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?”

3 იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე.

4 მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: „გახადეთ წვირიანი სამოსელი!” უთხრა მას: „აჰა, წარგხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსლით შეგმოსავ.”

5 თქვა: „დაახურონ თავზე სუფთა თავსაბურველი და ჩააცვან სამოსელი.” უფლის ანგელოზი კი იდგა.

6 გამოუცხადა უფლის ანგელოზმა იესოს და უთხრა:

7 „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს სამსახურს შეასრულებ, გაუძღვები ჩემს სახლს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცემ მისასვლელს აქ მდგომარეთა შორის.”

8 ისმინე, იესო მღვდელმთავარო, შენ და შენმა თვისტომებმა, შენს წინ რომ სხედან, რადგან სასწაულნი არიან ეს კაცები. რადგან, აჰა, მოვავლინებ ჩემს მორჩილს – მორჩს!

9 რადგან აჰა, ის ქვა, რომელიც დავდევი იესოს წინ: შვიდი თვალია ამ ერთ ქვაზე. აჰა, ამოვკვეთავ მასზე ამოსაკვეთელს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და ერთ დღეში წარვხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს.

10 იმ დღეს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – ერთმანეთს მიიწვევთ ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ.”

ზაქარია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14