მთავარი ›ბიბლია ›მსაჯულნი

ძველი აღთქმა · მსაჯულნი

მსაჯულნი 13

13

1 კვლავ ბოროტად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის წინაშე; დასაჯა ისინი უფალმა და ორმოცი წლით გადასცა ფილისტიმელთა ხელს.

2 იყო ერთი კაცი ცორყადან, დანის ტომიდან, მანოახი ერქვა; ცოლი ბერწი ჰყავდა, შვილს ვერ აჩენდა.

3 გამოეცხადა ამ ქალს უფლის ანგელოზი და უთხრა: "აჰა, ბერწი ხარ, შვილი არ გიშვია, მაგრამ დაორსულდები და ძეს შობ.

4 ახლა გაფრთხილდი, ღვინოსა და მაგარ სასმელს ნუ დალევ და უწმიდური არაფერი ჭამო.

5 რადგან დაორსულდები და ძეს გააჩენ. სამართებელი ნუ შეეხება მის თავს, ვინაიდან ღვთის მოწმიდარი იქნება ეს ყრმა მუცლიდანვე; და ის დაიწყებს ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან”.

6 მივიდა ცოლი და უთხრა თავის ქმარს: "ღვთისკაცი მოვიდა ჩემთან, ღვთის ანგელოზის შეხედულება ჰქონდა, ფრიად შემაძრწუნებელი; არ მიკითხავს, საიდან იყო და არც მას უთქვამს თავისი სახელი.

7 მითხრა: დაორსულდები და ძეს გააჩენო; ახლა გაფრთხილდი, ღვინოსა და მაგარ სასმელს ნუ დალევ და უწმიდური არაფერი ჭამო, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნებაო ეს ყრმა მუცლიდან სიკვდილამდე”.

8 ილოცა მანოახმა უფლის წინაშე და თქვა: "გევედრები, უფალო! ღვთისკაცი, რომელიც მოავლინე, კვლავ მოვიდეს და გვასწავლოს, რა ვუყოთ შობილ ყრმას”.

9 შეისმინა ღმერთმა მანოახის ხმა და ისევ მოვიდა ღვთის ანგელოზი ქალთან; მდელოზე იჯდა, ხოლო მანოახი, მისი ქმარი, მასთან არ იყო.

10 ისწრაფა ქალმა, გაიქცა და უთხრა ქმარს: "აჰა, გამომეცხადა ის კაცი, იმ დღეს რომ მელაპარაკა”.

11 ადგა, გაჰყვა თავის ცოლს მანოახი, მივიდა იმ კაცთან და უთხრა: "შენ ხარ ის კაცი, ჩემს ცოლს რომ ელაპარაკა?” უპასუხა: "მე ვარ”.

12 უთხრა მანოახმა: "აჰა, როცა ახდება შენი სიტყვები, როგორ მოვექცეთ და რა ვუყოთ ყრმას?”

13 უთხრა მანოახს უფლის ანგელოზმა: "მოერიდოს ყველაფერს, რაც ამ ქალს ვუთხარი.

14 ვაზისგან მოწეული არაფერი ჭამოს, ღვინო და მაგარი სასმელი არ დალიოს და უწმიდური არაფერი შეჭამოს; დაიცვას ყოველივე, რაც ვუბრძანე”.

15 უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: "დაყოვნდი გევედრები, სანამ თიკანს მოგიმზადებდეთ”.

16 უპასუხა მანოახს უფლის ანგელოზმა: "რომც დავყოვნდე, მაინც არ შევჭამ შენს პურს; თუ გინდა უფალს აღუვლინე სრულადდასაწველი”. რადგან არ იცოდა მანოახმა, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი.

17 ჰკითხა მანოახმა უფლის ანგელოზს: "რა არის შენი სახელი? როცა ასრულდება შენი სიტყვა, პატივს მოგაგებთ”.

18 უპასუხა უფლის ანგელოზმა: "სახელს რატომ მეკითხები? საკვირველია იგი”.

19 და აიყვანა მანოახმა თიკანი, პურეული ძღვენი და კლდეზე აღუვლინა უფალს, სასწაული მოახდინა ანგელოზმა, მანოახი და მისი ცოლი კი უყურებდნენ:

20 როცა სამსხვერპლოდან ალი ავარდა ზეცისკენ, ალს აჰყვა უფლის ანგელოზი და ამაღლდა; და დაინახეს ეს მანოახმა და მისმა ცოლმა და პირქვე დაემხნენ.

21 გაუჩინარდა უფლის ანგელოზი მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ; და მიხვდა მანოახი, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი.

22 უთხრა მანოახმა თავის ცოლს: "სიკვდილი არ აგვცდება, რადგან ღმერთი ვიხილეთ”.

23 მიუგო ცოლმა: "თუ ჩვენი სიკვდილი ენება უფალს, სრულადდასაწველსა და პურეულ ძღვენს არ მიიღებდა ჩვენი ხელიდან და არც ამ ყოველივეს გვახილვინებდა და მოგვასმენინებდა”.

24 შვა ქალმა ძე და უწოდა სახელად სამსონი; წამოიზარდა ყრმა და აკურთხა იგი უფალმა.

25 და იწყო უფლის სულმა მისი აღძვრა დანის ბანაკში, ცორყასა და ეშთაოლს შორის.

მსაჯულნი — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21