1 იყო მეორედ უფლის სიტყვა იონაზე.
2 „ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და იქადაგე საქადაგებელი, რასაც მე გეტყვი.”
3 ადგა იონა და წავიდა ნინევეში, როგორც უფალმა უბრძანა. დიდი ქალაქი იყო ღვთის წინაშე ნინევე, სამი დღის სავალი.
4 იარა იონამ ერთ დღეს ქალაქში, ქადაგებდა და ამბობდა: „კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე.”
5 იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიანპატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ.
6 შეიტყო ეს ამბავი ნინევეს მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი, ჯვალო ჩაიცვა და ნაცარში ჩაჯდა.
7 გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: „არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს.
8 ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული.
9 ვინ იცის, კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ!”
10 შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ და აღარ უყო.