1 ლოცვა აღუვლინა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის სტომაქიდან.
2 თქვა: „ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს და მან ხმა გამცა. შავეთის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება.
3 როცა ღურღუმელში, ზღვის გულში, ჩამაქანე, როცა მორევმა ჩამითრია, თავზე შენი ტალღა და ღვარი გადამდიოდა
4 ვთქვი: ‘გაგდებული ვარ შენი პირისგან, ნუთუ ოდესმე მეღირსება შენი წმიდა ტაძრის ხილვა?’
5 ყელამდე მომწვდა წყალი, უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა,
6 მთების ფესვებამდე ჩავედი, მიწა სამუდამოდ ჩაირაზა ჩემს უკან, მაგრამ შენ ჯოჯოხეთს გამოსტაცე ჩემი სიცოცხლე, უფალო, ღმერთო ჩემო!
7 როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე შეაღწია შენს წმიდა ტაძარში.
8 ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას!
9 მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვებით; შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს. უფლისგან არის ხსნა!”
10 უბრძანა უფალმა თევზს და მან ხმელეთზე გადმოანთხია იონა.