მთავარიბიბლიაესთერი

ძველი აღთქმა · ესთერი

ესთერი 7

7

1 და ეწვივნენ მეფე და ჰამანი ესთერ დედოფალს სანადიმოდ.

2 და ჰკითხა მეფემ ესთერს მეორე დღესაც ღვინის სმის დროს: „რა არის შენი სათხოვარი, ესთერ დედოფალო? მოგეცემა! და რა არის შენი სახვეწარი? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, აგისრულდება.”

3 და მიუგო ესთერ დედოფალმა და უთხრა: „თუ წყალობა მიპოვნია შენს თვალში, მეფეო, და თუ ინებებს მეფე, მომცეს ჩემი სიცოცხლე ჩემს სათხოვარში და ჩემი ერი ჩემს სახვეწარში.

4 რადგან გაყიდულნი ვართ ჩვენ – მე და ჩემი ერი – გასაწყვეტად, დასახოცად და დასაღუპად. მონებად და მხევლებად რომ გავეყიდეთ, დავდუმდებოდი, მაგრამ მტერი ვერ ზღავს მეფის ზარალს.

5 და თქვა მეფე ახაშვეროშმა და ჰკითხა ესთერ დედოფალს: „ვინ არის იგი და სად არის, ვინც გაბედა ამის ჩადენა?”

6 და თქვა ესთერმა: „მოქიშპე და მტერია ეს ბოროტი ჰამანი!” ელდა ეცა ჰამანს მეფისა და დედოფლის წინაშე.

7 ადგა განრისხებული მეფე ნადიმიდან და გავიდა სასახლის ბაღში; ჰამანი კი დარჩა, რათა სიცოცხლის შენარჩუნება გამოეთხოვა ესთერ დედოფლისაგან, რადგან ხედავდა,რომ მისი დაღუპვა გადაწყვეტილი იყო მეფისაგან.

8 და როდესაც მეფე დაბრუნდა სასახლის ბაღიდან სანადიმო დარბაზში, ჰამანი იმ სარეცელზე დამხობილი დაუხვდა, რომელზეც ესთერი იყო. თქვა მეფემ: „დედოფალზეც ძალადობს ჩემთან სახლში?” სიტყვა დასცდა მეფის ბაგეს და მაშინვე დაუფარეს სახე ჰამანს.

9 და ხარბონამ, ერთმა საჭურისთაგანმა, მეფის წინაშე განაცხადა: „აჰა, ჰამანის სახლში დგას ის ძელიც, ჰამანმა რომ მოუმზადა მორდექაის, მეფისთვის კეთილის მოლაპარაკეს, ორმოცდაათი წყრთა სიმაღლით.” და თქვა მეფემ: „ჩამოჰკიდეთ მასზე!”

10 და ჩამოჰკიდეს ჰამანი იმ ძელზე, მორდექაისთვის რომ ჰქონდა გამზადებული და დაცხრა მეფის რისხვა.

ესთერი — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10