მთავარიბიბლიანაუმი

ძველი აღთქმა · ნაუმი

ნაუმი 2

2

1 შემართულია შენს თავზე ურო, დაიცავი ციხე-სიმაგრე, გზისკენ იყურე, წელი გაიმაგრე, ძალა მოიკრიბე!

2 რადგან დააბრუნა უფალმა იაკობის დიდება, როგორც დიდება ისრაელისა! რადგან გაძარცული ჰყავდათ ისინი მძარცველებს, აჩანაგებდნენ მათ ვენახებს.

3 წითლად შეიღება გმირთა ფარები, მეწამული მოსავთ მეომრებს; ცეცხლებს აკვესებს ეტლების ფოლადი, როცა მზადაა საბრძოლველად, და ირხევიან კვიპაროსის შუბები.

4 დაქრიან ქუჩებში ეტლები, მოედნებზე დაგრიალებენ, ჩირაღდნის ალივით ლაპლაპებენ, ელვასავით ელავენ.

5 გაიხსენებს თავის ძლიერებს, მაგრამ სრბოლისას წაიფორხილებენ, მიაწყდებიან კედლებს და საფარს მოაწყობენ.

6 გაიღება მდინარეთა ჭიშკრები და აირ-დაირევა სასახლე.

7 გადაწყდა: გაშიშვლდება, გაიტაცებენ! მისი მხევლები მტრედის ხმაზე მოთქვამენ, გულში ხელს იცემენ.

8 წყლისგან დაიცალა, ნინევე – წყალსატევი, ისინი კი გარბიან. „დადექით! დადექით!” მაგრამ არავინ ბრუნდება უკან.

9 დაიტაცეთ ოქრო! დაიტაცეთ ვერცხლი! არ დაილევა მდიდრული ნახელავი – ძვირფასი ნივთები.

10 გატიალდა, გაოხრდა, გაპარტახდა! დადნა გული და კანკალებს მუხლები, მოწყდათ წელი, ფერი წაუვიდათ.

11 სად არის ლომთა ბუნაგი და – ბოკვერთა სანავარდო, სადაც დადიოდნენ ხვადი, ძუ ლომი და მათი ლეკვი, და არ იყო დამაფრთხობელი?

12 ლომი გლეჯს თავისი ლეკვებისთვის, და აღრჩობს თავისი ძუსთვის, ნატაცებით ავსებს ბუნაგს და გამოქვაბულს – დაგლეჯილი ნადავლით.

13 „აჰა, მითქვამს შენთვის,” – ამბობს ცაბაოთ უფალი, – „ცეცხლში დავწვავ შენს ეტლს, მახვილი შეჭამს შენს ბოკვრებს. შენს მტაცებლობას აღვკვეთავ ქვეყანაზე და აღარ გაისმება მოციქულთა ხმა.”

ნაუმი — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3