სიკვდილიდან სიცოცხლეში
1 და თქვენც, მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულით და ცოდვებით,
2 რომლებითაც ოდესღაც იარებოდით ამ სოფლის ჟამისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრის, იმ სულის ნებით, ამჟამად ურჩ შვილებში რომ მოქმედებს.
3 ჩვენც ყველანი მათ შორის ვცხოვრობდით ოდესღაც ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გონების ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით სხვების მსგავსად.
4 მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც ჩვენ შეგვიყვარა,
5 ჩვენ, დანაშაულთა გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად (მადლითა ხართ დახსნილნი),
6 და თანააღგვადგინა და ცათა შინა თანადაგვსხა ქრისტე იესოში,
7 რათა მომავალ საუკუნეებში აჩვენოს თავისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში.
8 ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია,
9 არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს,
10 ვინაიდან მისი ქმნილებანი ვარ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ.
შერიგება ქრისტეში
11 ამიტომ გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართები, რომელთაც წინადაუცვეთლებს გიწოდებდნენ ისინი, ვისაც ერქვათ წინადაცვეთილები ხორცის წინადაცვეთით, რაც ხელით სრულდებოდა,
12 რომ იმ დროს თქვენ ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის კრებულისგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათაგან უცხონი, არ გაგაჩნდათ სასო და უღვთონი იყავით სოფელში.
13 ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით.
14 ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა მდგარი ზღუდე.
15 გააუქმა მტრობა თავისი ხორცით, მცნებათა რჯული – მცნებებით, რათა ორისაგან თავის თავში შეექმნა ერთი ახალი კაცი, მშვიდობისმყოფელი.
16 და ერთ სხეულში ორივე შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით მტრობის მოკვდინებით მასში.
17 მოვიდა და გახარათ მშვიდობა თქვენ — შორებელთ და ახლობელთ,
18 ვინაიდან მისი მეშვეობით ორივეს გვაქვს ერთი სულით მისადგომი მამასთან.
19 ამიტომ თქვენ უკვე აღარა ხართ უცხოები და მდგმურები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი,
20 დაშენებულნი მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი,
21 რაზედაც მთელი შენაწევრებული შენობა იზრდება უფალში წმიდა ტაძრად,
22 რომელზეც შენდებით თქვენც ღვთის დასამკვიდრებლად სულში.