მთავარი ›ბიბლია ›ამოსი

ძველი აღთქმა · ამოსი

ამოსი 4

4

1 ისმინეთ ეს სიტყვები, ბაშანის ფურებო, სამარიის მთაზე რომ ხართ, ღარიბთა შემავიწროებელნო, გლახაკთა მჩაგვრელნო, თქვენს ბატონებს რომ ეუბნებით: მოიტანე, დავლიოთო.

2 თავისი სიწმიდე დაიფიცა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოგეწევათ დღეები და წაგათრევენ კავებით, თქვენს ნარჩენს კი - სათევზაო ანკესებით.

3 გარღვეული კედლებიდან გაგრეკავენ; გადაყრილ იქნებით ჰარმონში! - ამბობს უფალი.

4 მიდით ბეთელში და შესცოდეთ, გაამრავლეთ დანაშაული გილგალში; ყოველ დილით შესწირეთ თქვენი მსხვერპლები და ყოველ მესამე დღეს - თქვენი მეათედები.

5 სამადლობელ შესაწირს გაფუებული ცომისგან სწირავთ და ახმაურებთ თქვენს ნებაყოფლობით მსხვერპლებს, სახალხოდ ამზეურებთ, რადგან ასე გჩვევიათ, ძენო ისრაელისა! - ამბობს უფალი ღმერთი.

6 კბილები აგიკაწკაწეთ ყველა თქვენს ქალაქში და პური მოგაკელით ყველა თქვენს ადგილზე, მაგრამ არ მობრუნდით ჩემკენ! - ამბობს უფალი.

7 წვიმაც დაგიკავეთ სამ თვეს მკამდე. ერთ ქალაქზე ვაწვიმებდი, მეორეზე კი არ ვაწვიმებდი. ერთი ნაკვეთი გაჟღენთილი იყო, მეორე კი, რომელზეც არ ვაწვიმებდი - გამომშრალი.

8 ქალაქიდან ქალაქში დადიოდა ხალხი, წყალი რომ დაელიათ; ვერ დაიცხრეს წყურვილი, მაგრამ მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან! - ამბობს უფალი.

9 ჟანგითა და ობით გმუსრავდით, თქვენს ბაღ-ვენახს, ლეღვსა და ზეთისხილს მუხლუხო ჭამდა, მაგრამ, მაინც არ მობრუნდით ჩემკენ! - ამბობს უფალი.

10 გამოგიგზავნეთ მომსვრელი ჭირი, როგორც ეგვიპტეს, მახვილით ვხოცავდი თქვენს ჭაბუკებს, ნადავლად იტაცებდნენ თქვენს ცხენებს, თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს სწვდებოდა, მაგრამ მაინც არ მობრუნდით ჩემკენ! - ამბობს უფალი.

11 ჩამოგამხეთ, როგორც სოდომი და გომორა დაამხო ღმერთმა; ცეცხლისგან გადარჩენილი, ნახევრად დანახშირებული ტოტივით იყავით, თქვენ კი მაინც არ მობრუნდით ჩემკენ! - ამბობს უფალი.

12 ამიტომ ასე მოგექცევი, ისრაელ; ასე ვიმოქმედებ, მოემზადე შენს ღმერთთან შესახვედრად, ისრაელ!

13 რადგან, აჰა, მთები მან გამოსახა და ქარი მან შექმნა, თავის ზრახვებს უცხადებს ადამიანს და წყვდიადად აქცევს ცისკარს, დედამიწის მწვერვალებია მისი ფეხსადგამი; უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.

ამოსი — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9