1 მის ნაცვლად იოშაფატი, მისი ძე გამეფდა და ძალა მოიკრიბა ისრაელის წინააღმდეგ.
2 ჯარი ჩააყენა იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში, გუშაგები დააყენა იუდას ქვეყანაში და ეფრემის იმ ქალაქებში, რომლებიც მამამისმა ასამ დაიპყრო.
3 უფალი იყო იოშაფატთან, რადგან დავითის, მამამისის, პირვანდელი გზით დადიოდა და ბაყალებს არ ეძებდა.
4 მამამისის ღმერთს ეძიებდა, მის მცნებებს მიჰყვებოდა და ისრაელის მსგავსად არ იქცეოდა.
5 განამტკიცა უფალმა სამეფო მის ხელში და მთელი იუდა ძღვენს აძლევდა იოშაფატს; უხვად ჰქონდა სიმდიდრე და არც პატივი აკლდა.
6 უფლის გზების ერთგული იყო და იუდაშიც კი მოშალა მაღლობები და აშერის კერპები.
7 გამეფებიდან მესამე წელს წარგზავნა თავისი მთავრები: ბენ-ხაილი, ყობადია, ზაქარია, ნეთანელი და მიქაიაჰუ, რომ ესწავლებინათ იუდას ქალაქებში.
8 თან გააყოლა ლევიანები: შემაყია, ნეთანია, ზებადია, ყასაელი, შემირამოთი, იონათანი, ადონია, ტობია და ტობადონია. მათვე გააყოლა მღვდლები: ელიშამაყი და იორამი,
9 ასწავლიდნენ იუდაში, თან უფლის რჯულის წიგნი ჰქონდათ. შემოიარეს იუდას ყველა ქალაქი და ასწავლიდნენ ხალხს.
10 უფლის შიშმა მოიცვა ყველა ის სამეფო იუდას ირგვლივ რომ იყო; და არ ებრძოდნენ იოშაფატს.
11 ფილისტიმელთაგან ზოგს ძღვენი მოჰქონდა იოშაფატთან და ზოგს ვერცხლი ხარკად; ასევე არაბებმაც მოუყვანეს მას წვრილფეხა საქონელი: შვიდი ათას შვიდასი ვერძი და შვიდი ათას შვიდასი ვაცი.
12 თანდათან აღზევდა და გაძლიერდა იოშაფატი და ააშენა იუდაში ციხე-სიმაგრეები და სამარაგო ქალაქები.
13 დიდძალი მარაგი ჰქონდა იუდას ქალაქებში და მებრძოლი ხალხი, მამაცი ვაჟკაცები ჰყავდა იერუსალიმში.
14 ეს არის მათი რიცხვი, მამისსახლთა მიხედვით. იუდას ათასისთავები: მთავარი ყადნა და მასთან სამასი ათასი მამაცი მეომარი;
15 მის მერე იყო მთავარი იეჰოხანანი და მასთან ორას ოთხმოცი ათასი;
16 მის მერე იყო ამაცია ზიქრის ძე, ნებით რომ შესწირა თავი უფალს და მასთან ორასი ათასი მამაცი მეომარი.
17 ბენიამინისგან: მამაცი მეომარი ელიადაყი და მასთან ორასი ათასი მშვილდითა და ფარით შეიარაღებული მებრძოლი;
18 მის მერე იყო - იეჰოზაბადი და მასთან ას ოთხმოცი ათასი საბრძოლოდ შეიარაღებული მეომარი.
19 ესენი ემსახურებოდნენ მეფეს, იმათ გარდა, მეფემ იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში რომ ჩააყენა.