მთავარი ›ბიბლია ›1 თესალონიკელთა მიმართ

ახალი აღთქმა · 1 თესალონიკელთა მიმართ

1 თესალონიკელთა მიმართ 1

1

1 პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.

2 მარადის ვმადლობთ ღმერთს ყველა თქვენგანისთვის და გიხსენებთ ჩვენს ლოცვებში.

3 განუწყვეტლივ გვახსოვს თქვენი რწმენის საქმე, სიყვარულის შრომა და თქვენი იმედიანი მოთმინება ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე.

4 ვინაიდან ვიცით თქვენი რჩეულება, ღვთის საყვარელო ძმანო.

5 რადგან ჩვენი სახარება მხოლოდ სიტყვით კი არ გეუწყათ, არამედ ძალით, სულიწმიდით და სრული დამაჯერებლობით; თუმცა თვითონვე იცით, რანი ვიყავით თქვენ შორის, თქვენთვის.

6 თქვენ თვითონ გახდით ჩვენი და უფლის მიმბაძველები, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა სულიწმიდის სიხარულით.

7 ისე, რომ ნიმუშად იქეცით ყველა მორწმუნესათვის მაკედონიასა და აქაიაში.

8 ვინაიდან თქვენგან გაისმა უფლის სიტყვა არა მხოლოდ მაკედონიასა და აქაიაში, არამედ ყველა სხვა ადგილსაც მისწვდა თქვენი ღვთისადმი რწმენა ისე, რომ აღარაფერი გვაქვს სათქმელი.

9 ვინაიდან თვითონვე ჰყვებიან ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან და როგორ შემობრუნდით კერპებისგან ღვთისკენ, რათა ემსახუროთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს,

10 და მოელოდეთ ზეციდან მის ძეს, რომელიც მკვდრეთით აღადგინა; იესოს, რომელიც მომავალი რისხვისგან გვიხსნის ჩვენ.

1 თესალონიკელთა მიმართ — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5